თეგი: 2008 წლის ომი

ჯონ ტეფტი: წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დღევანდელი სიტუაცია და განუწყვეტელი სპეკულაციები ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის პრელუდიას - საკმარისია ეს დასკვნების გასაკეთებლად? ამ კითხვას უპასუხა ჯონ ტეფტმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ის ამავე თანამდებობაზე მსახურობდა ლიეტუვაში, უკრაინასა და რუსეთშიც. „დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელორუსში, ბელორუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს... ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია... რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა“, - განაცხადა ჯონ ტეფტმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

საია: ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. საიას ცნობით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. რუსეთს კი ევროპული სასამართლოს კითხვებზე პასუხისთვის ვადა 2022 წლის 2 მაისამდე აქვს. რუსეთის ფედერაციამ უნდა განმარტოს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და მათთან დაკავშირებული მე-13 სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლები. „2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება” - წერია საიას განცხადებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს. ორგანიზაციას სასამართლოში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელთა შორის 12-ზეც ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა 7 თებერვლიდან დაიწყო. 2021 წლის იანვარში ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით.

ენტონი ბლინკენი: ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით

ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალურად. „მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს. ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში. პირიქით, საზღვართან მეტი - თან წამყვანი - ძალების კონცენტრაციას ვხედავთ, რაც ნებისმიერი აგრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის ის სოლიდარობა, რომელზეც აქ ყველანი ვსაუბრობთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

კონდოლიზა რაისი ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მიმართ საპასუხო ქმედებებსა და მიმდინარე კრიზისზე

The Wall Street Journal-ის ედიტორიალის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კრიზისი შეიქმნა, არის ის, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ადეკვატურად არ უპასუხა რუსეთის შეჭრას საქართველოში, რას იტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით? ეს შეკითხვა დაუსვა CNN-ის წამყვანმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, რომელმაც 2008 წლის მოვლენები ამავე ტელეკომპანიის ეთერში გაიხსენა. უფრო კონკრეტულად, The Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ დასავლეთის სუსტმა სანქციებმა 2008 წელს საქართველოსა და ყირიმში 2014 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი წაახალისა, დაეჯერებინა, რომ ევროპას არ აქვს ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე სერიოზულს.  „პირველ რიგში, ჩვენ ვცადეთ ამის თავიდან არიდება (რედ. საქართველოში რუსეთის შეჭრის). ვინც ოდესღაც გადაწყვიტა, რომ რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და (რედ. სამხრეთ) ოსეთში, როგორც ეუთოს სამშვიდობო ძალების ნაწილი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვცადეთ... ვცადეთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იმჟამინდელ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ მიგვეღწია რაიმე სახის შეთანხმებისთვის, რათა ტემპერატურა დაგვეწია. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, რუსები ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, არ მისცე ამის საშუალება-მეთქი. და მართლაც, რუსებმა მოახდინეს მათი პროვოცირება და ომი დაიწყო. როდესაც ეს ხდებოდა, შეერთებული შტატები ძალიან რთულ პოზიციაში იყო. ჩვენ არ ვიყავით იმ პოზიციაში, რომ რუსეთთან ომში ჩავბმულიყავით საქართველოს გამო. ასე რომ, ჩვენ ვცადეთ, გაგვეძლიერებინა საქართველოს ძალები, – მათ ჰყავდათ ძალები ერაყში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისინი; გამოვიყენეთ გარკვეული წვრთნები შავ ზღვაში და მის გარშემო, რათა გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველების მიმართ. შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსებს შესაძლოა, თბილისზეც (რედ. თბილისის აღებაზე) ეფიქრათ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა CNN-თან. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიხსენა. კონდოლიზა რაისის თქმით, ომის დასრულების შესახებ, ლავროვმა სამი პირობა წამოაყენა: საქართველოს სამხედროები ყაზარმებში დაებრუნებინა  ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებისთვის „შემდეგ მითხრა, ეს ჩვენ შორის დარჩესო: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“. მე ვუპასუხე: სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ საუბრობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებაზე; ყველას ვეტყვი, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი პირობა“. მე ასეც გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემთან ასეთი ფორმით აღარ უსაუბრია. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს მთავრობის დამხობა და ჩვენ ეს ფაქტი გავაშიშვლეთ, ძალიან მნიშნვლოვანია იმ ლიმიტის დასანახად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა  საფრანგეთის დახმარებით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება. შემდეგ აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს მხარდასაჭერად მილიარდი დოლარი გამოყო. „ასევე, შეერთებულმა შტატებმა მიმართა სანქციების დაწესების მცდელობებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპელები იქ არ ყოფილან. ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, იმ მცირე რაოდენობით სანქციებმა, რაც ძალაში იყო, დაიწყო ეროზია, ალბათ, ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში, არავის ვადანაშაულებ...გადატვირთვა ალბათ კარგი მცდელობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მედვედევმა ჩაანაცვლა პუტინი – დროებით... მაგრამ მე ვფიქრობ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. არ ვიცი, შეგვეძლო თუ  არა ბევრად მეტის გაკეთება უფრო ძლიერი ევროპული მხარდაჭერის გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო გადარჩა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ნიკოლოზ სამხარაძე: 2008 წლის საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი არ დასჯილა, ამიტომაც ისინი შეგულიანებულები არიან იმოქმედონ იგივე სცენარით

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუდმივმოქმედ კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო. მისი განცხადებით, 14 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგაც კი, რუსეთი არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა. „საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული ერთეულების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას და რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი რომელიმე ჩვენთაგანისათვის. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2008 წელს ჩემს ქვეყანაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. 14 წელი გავიდა მას შემდგომ და რუსეთის წინააღმდეგ არ დაწესებულა არანაირი სანქცია ან რამენაირად არ დასჯილა ამ შემოჭრისათვის. ამიტომაც ისინი შეგულიანებული არიან იმოქმედონ იგივე  სცენარით. მინდა პარალელი გავავლო „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ - გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე ნოველასთან:  3 თვეა ჩვენ ვუყურებთ გამოცხადებულ ომის ქრონიკას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერაფერი მოიმოქმედა რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი საერთაშორისო წესრიგი, უნდა ვიმოქმედოთ ახლა! სხვაგვარად, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება მათ მიერ განხორციელებული ბოლო აგრესია, ისევე როგორც რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ არ იყო ბოლო”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უსტიციის მინისტრი: 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. „სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ ახორციელებდა. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ აღნიშნული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.“, - განაცხადა ბრეგაძემ.

2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვთან დიალოგს სტაბილიზაცია და მშვიდობა არ მოჰყოლია - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა მოიყვანა იმის მაგალითად, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს. თბილისის შემთხვევა პოლონელმა დიპლომატმა უკრაინის კონტექსტში ახსენა. „უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან დიალოგის ფორმულა და ნებისმიერი ზეწოლა ამ მიმართულებით მიზანშეწონილი არ არის“, მიიჩნევს მარკინ პრჟიდაჩი.  „2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ (ასევე, უკრაინაში 2014 წლის მოვლენები) მოსკოვთან დიალოგს არ მოჰყოლია სტაბილიზაცია და მშვიდობა“, - აღნიშნავს პოლონელი დიპლომატი და ამატებს, რომ პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ პუტინს დრო მისცა მორიგი სამხედრო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად, რასაც ის დასავლური პოლიტიკის სისუსტედ აღიქვამდა. „პოლონური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინაზე ზეწოლას ნაჩქარევი დიალოგისთვის [რუსეთთან]“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გარანტირებული მინსკის შეთანხმებები. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, საიდან მოდის რწმენა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება და დიალოგი შეიძლება, კვლავ აღიქმებოდეს პუტინის მიერ ვალდებულებად“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 16 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას „რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს“. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე -  თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა, ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა - ღარიბაშვილი

მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ გამოწვევებით აღსავსე დროა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ძალიან რთული დღეები გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. „მინდა, ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი წარმოებდა საქართველოში. დღეს შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე ააშენეს ორი სამხედრო ბაზა და ეს არის შედეგი დამანგრეველი ომისა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. კითხვაზე, რომ იყო თუ არა აქტიური, არაპროვოცირებული აგრესია, ღარიბაშვილმა განაცხადა: „არ მინდა დეტალებზე საუბარი, საუბარი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მლნ მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ ის ომი, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ჩვენთვის დამანგრეველი იყო. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს იმ დროს არ მიექცა საკმარისი ყურადღება. „რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ დაუწესა რუსეთს სანქციები. მე ასე ვფიქრობ, ასე მწამს, რომ უნდა დაეწესებინათ. ჩვენთვის რა განსხვავებაა, ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი, ხომ?! ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვდება და ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რატომ აღარ უჩვენებენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ვიდეოკოლაჟს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რომ ოკუპაციის მუზეუმიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვიდეოკოლაჟი ამოიღეს, რადგან ის წინა ხელისუფლების წევრების "რეკლამას წარმოადგენდა". „გამოფენიდან 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკა ამოღებული არ არის და ვერ იქნება. რაც შეეხება ერთ კონკრეტულ ვიდეოკოლაჟს, გარდაქმნას და განახლებას საჭიროებს მისი ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა, ასევე, განახლებას ექვემდებარება შესაბამისი აპარატურაც. მოცემული პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი აგრესია წარმოჩენილი იყოს არა იმ პოლიტიკოსების რეკლამისათვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს, არამედ ასახავდეს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის რეალურ ფაქტებს, ახალ თაობას აცნობდეს ქართული ჯარისა და ქართველის ხალხის გმირობის ფაქტებს და, ასევე, შეესაბამებოდეს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს სამართლებრივ ინტერესებს", - წერია ეროვნული მუზეუმის გავრცელებულ განცხადებაში. მედიის ცნობით, თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში აღარ არის 2008 წლის ომის ამსახველი კადრები, რომელიც მუზეუმის პირველ დარბაზში, პროექტორის საშუალებით უჩვენებდნენ წლების განმავლობაში. რადიო თავისუფლება 16 ივნისს წერდა, რომ 2008 წლის ომის კადრები სულ ცოტა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარაა ექსპოზიციის ნაწილი. 16 ივნისს, ოკუპაციის მუზეუმში გვითხრეს, რომ ამის მიზეზი პროექტორის დაზიანებაა. თუმცა, ვერ დააკონკრეტეს ვერც ის, როდის დაზიანდა პროექტორი და ვერც ის გვითხრეს, როდის დაბრუნდება გამოფენის ნაწილად რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა. კადრებში, რომელსაც ოკუპაციის მუზეუმში წლების განმავლობაში უჩვენებდნენ და აგვისტოს ომის ამბავს ჰყვებოდა, ჩანდა როგორც ბორჯომის ტყის ხანძრები, ასევე კონფლიქტის ზონაში განადგურებული სახლები, დაბომბილი გორი, დევნილების კოლონა და ომის მონაწილე სამხედროები. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა. მუზეუმი ერთიანებს დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას. 2008 წლის ომის ამსახველი პროექცია მუზეუმის ექსპოზიციას მოგვიანებით დაემატა.